ალტერნატიული თვითმკურნალობა

მეტი სიჯანსაღის, წარმატებისა და ბედნიერებისათვის

კვებითი მიდგომები

სარჩევი

  1. ჯანსაღი კვება – კვებითი მიდგომები
  2. მავნე კვებითი მიდგომა – განმარტება
  3. მავნე კვებითი მიდგომის შედეგები
  4. მავნე კვებითი მიდგომების ჩამოყალიბების მიზეზები

1. ჯანსაღი კვება – კვებითი მიდგომები

ჯანსაღი კვების შესახებ უამრავი სტატია დაწერილა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი აქცენტს ამახვილებს “მაკრონუტრიენტების” (კარბოჰიდრატები, ცხიმები, პროტეინები) რაოდენობაზე და არა ზოგადად – პროდუქტის ხარისხზე. ადამიანთა დიდ ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს ცხიმების, მარცვლეულისა და რძის პროდუქტების მავნებლობასა თუ სიჯანსაღეზე. ეს უფრო დეტალურადაა ახსნილი სტატიაში “ნატურალური საკვები vs ინდუსტრიული საკვები”.

გარდა პროდუქტის ხარისხის უკანა პლანზე გადაწევისა, არსებობს კიდევ ერთი გამოკვეთილი ნაკლოვანება, რომელიც ჯანსაღ კვებაზე დაწერილ სტატიებს ახასიათებთ. ისინი ძალიან ცოტა დროს უთმობენ ჩვენს კვებით მიდგომებს. იშვიათად შეგვხვდება კითხვა: “რამხელა ყურადღებასა და რამდენ დროს ვუთმობთ ჭამას?“ ან,  “რამდენად ჩართულები ვართ პროცესში?“ ეს კითხვები და მათზე პასუხები, პიროვნების “კვებითი ფსიქოლოგიის” ფართო მცნების ქვეშ შეიძლება გაერთიანდეს.

2. მავნე კვებითი მიდგომა – განმარტება

ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა არაერთი არაჯანსაღი ჩვევა ჩამოგვიყალიბდეს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კვების დროს უამრავი საქმის კეთება სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

ადამიანებისთვის დამახასიათებალია ჭამის დროს ტელევიზორში ახალი ამბების მოსმენა, YouTube-ზე ვიდეოების ყურება, Instagram-ის “სქროლვა” და ა.შ. თუმცა, არსებობს გამოკვეთილი მიზეზები, რის გამოც ჩვენ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ.

3. მავნე კვებითი მიდგომის შედეგები

1. სენსორული უნარები ქვეითდება

სენსორული უნარების განვითარების საიდუმლო მათ გაცნობიერებულ გამოყენებაშია.

ზემოაღნიშნული დებულების უკეთ გაგებაში მარტივი კითხვის დასმა დაგვეხმარება: როგორ აღიქვამთ საკვების სუნს ან როგორ გაუგებთ მას გემოს, თუ პარალელურად ინსტაგრამ პოსტს აქვეყნებთ? 

2. საკვები გადაუმუშავებელია

კვების ყველაზე ფუნდამენტური წესი: დაღეჭეთ თქვენი საკვები!

ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკვებს არ ამუშავებს ისე, როგორც საჭიროა. ამ არაჯანსაღ ჩვევას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ჭამის პარალელურად რამოდენიმე საქმის კეთება.

საკვების არასაკმარისი დაღეჭვა აროს ნუტრიენტების აუთვისებლობის, არასწორი მონელების, კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს საწინდარი.

არასწორმა კვებითმა მიდგომამ, შესაძლოა ჯანსაღი ტუტე საკვებიც კი (როგორიცაა მაგალითად ავოკადო, ნუშის რძე და ა.შ) მომწამლავად აქციოს. ის შედეგები, რაც მსგავს ქმედებებს მოაქვს, ზოგჯერ გამაოგნებელია.

3. სოციალური ინტერაქცია ირღვევა

ოგიერთ ოჯახში საერთო ვახშმის ტრადიცია დიდი ხანია რაც დარღვეულია – ოჯახის წევრები ერთად სუფრასთან ლამის აღარ სხდებიან. მშობელთა გარკვეული კატეგორიისთვის კომფორტულიც კი არის ბავშვს ჭამის დროს ტელეფონი ჩაურთონ, თვითონ კი სხვა საქმით მშვიდად დაკავდნენ…

ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით სმარტფონებს სავახშმო მაგიდაზე.

ადამიანებმა დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა მიირთვან ერთად. სასურველია ერთობლივი განხილვა და დისკუსია.

თავის მხრივ, ტაბლეტები, სმარტფონები და ტელევიზორები, სოციალურ ინტერაქციას უშლიან ხელს და სასურველია კვების დროს მათ მოვერიდოთ.

4. დაკარგული დრო

ნაცვლად იმისა, რომ ჭამისა და მუშაობის დრო ერთმანეთს დავუმთხვიოთ, ხომ არ სჯობს ჯერ მივირთვათ და შემდეგ დავკავდეთ საქმით? გიფიქრიათ ამ ცვლილების მოსალოდნელ შედეგებზე?

მართალია, საბოლოო ჯამში ეს ყოველივე უფრო მეტ დროს არ დაგვაკარგინებს! უნდა გავითავისოთ, რომ კარგი კვებაც და ეფექტური მუშაობაც ჩვენგან სათანადო ყურადღებას მოითხოვს.

მუშაობის დროს კვება, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, გვაფერხებს. ჩვენი მოქმედების ეფექტურობა დაახლოებით 20%-ით მცირდება, ეს კი თავის მხრივ ხელს გვიშლის კომპლექსურ ამოცანათა გადაჭრაში.

რაც მეტი გამღიზიანებელი მოქმედებს ჩვენს ყურადღებაზე, მით მეტ შეცდომას ვუშვებთ და საბოლოოდ – ეს უფრო ბევრ დროს გვაკარგინებს.

5. დამსახურებული პაუზა ფიქრისთვის

დღის განმავლობაში ჩვენი ტვინი უამრავ ინფორმაციას იღებს, მათ გადასამუშავებლად კი ჩვენი კოგნიტური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებაა საჭირო. ინფორმაციის ამ მუდმივი დინების ფონზე ზოგჯერ ნათლად ვეღარ ვაზროვნებთ და ამოცანათა დამოუკიდებლად გადაჭრა ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.

ამიტომაც, კვების ყოველი პროცესი დასაფიქრებლად ძალიან კარგი პაუზაა. ზოგჯერ ასეთ დროს კომპლექსურ ამოცანებთან გამკლავების გზებს ვაგნებთ და უამრავ კითხვაზე პასუხი გვებადება. ამგვარი შესვენების შემდეგ ზოგჯერ ძალიან მოტივირებულები, ეფექტურები და ფოკუსირებულები ვართ.

6. ჩვენ არაცნობიერად არაჯანსაღად ვიკვებებით

თუ კვების დროს მუდმივად გაფანტულები ვართ, პროცესი უფრო მეტად არაჯანსაღი ხდება. მეორეს მხრივ, თუ საკვებზე ვფოკუსირდებით, მაშინ მათი შერჩევის პროცესში ბევრად უფრო ჩართულები ვართ, ვავითარებთ სენსორულ შესაძლებლობებს და ვმოქმედებთ ჯანსაღად.

უფრო უკეთ აღვიქვამთ როდისაა საკვები გადაჭარბებულად ტკბილი, ძალიან მწარე, ცხარე ან საერთოდ – უგემური, როცა აქტივობას სათანადო ყურადღებას ვუთმობთ.

7. სიცოცხლის ხალისის დაკარგვა

მოდით გავიხსენოთ ქვის ხანის პერიოდის ხალხი. წარმატებული ნადირობა ან კარგი მიგნება, იმ დროისთვის, გემრიელი საკვებით ჯილდოვდებოდა.

კვება ცხოვრებისეული სიამოვნებაა (“joie de vivre”) როცა პროდუქტი გონივრულად და დაფიქრებით არის შეძენილი. შესაბამისად, ასეთ პირობებში მომზადებულ საკვებს უკეთესი გემო აქვს. ეს ლოგიკური ჯაჭვი იმით სრულდება, რომ ჩვენ უფრო მეტად მოხიბლულები ვრჩებით ხარისხით, უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას და ჭამას შესაბამის დროს ვუთმობთ.

4. მავნე კვებითი მიდგომების ჩამოყალიბების მიზეზები

წარმოგიდგენთ არაჯანსაღი კვებითი მიდგომების ჩამოყალიბების მიზეზებს:

21-ე საუკუნეში ცხოვრების ძალიან მაღალი ტემპია, განვითარებულია სოციალური მედია. დღევანდელი ადამიანუ უფრო მეტად “მომხმარებლის” როლშია,ვიდრე “მწარმოებლის”. აქედან გამომდინარე, იგი მოიხმარს ბევრად უფრო მეტს, უფრო სწრაფად, ვიდრე – ქმნის.

ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეგრედ წოდებული “multitasking” (ერთბაშად რამოდენიმე აქტივობის შესრულება), არც ეფექტურია და არც ჯანსაღი.